საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საქართველოში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი იწყებს ფუნქციონირებას. 21 აგვისტოს, თბილისში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში, სტუმრებს სიტყვით მიმართეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ასევე ფიფას წევრი ასოციაციების რეგიონულმა კოორდინატორმა მარკო ფერიმ და უეფას ნაციონალური ასოციაციების დირექტორის მოადგილემ ტიერი ფავრმა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მიხეილ მესხის ოჯახის წევრები და ყოფილი "ავაზელები" - ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელები. მიხეილ მესხის სახელობის სკოლის აღსაზრდელებმა კი, გახსნის ცერემონიის ფარგლებში ღია ვარჯიში გამართეს.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სტანდარტული მოედანი ტრიბუნით და განათებით, ასევე მინი მოედანი ტრიბუნით, განათებით და ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. აღნიშნული ტერიტორია 2022 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.
პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.
დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში. მათ შორის, ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში და ნუცუბიძის პლატოზე. ასევე ფოთში, რუსთავში, სამტრედიაში, ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.