UEFA-ს სასწავლო კურსის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - 14-15 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო ტელეგრაფში უეფას სასწავლო კურსის პირველ მოდულს უმასპინძლა.
აღნიშნული პროგრამის ინგლისურენოვანი კურსი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე მესამედ იმართება. კურსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და უეფას პროგრამების მენეჯერმა ალექსანდრა დანჩილამ მიმართეს.
პროგრამის პირველი მოდული ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ლექციებს უეფას მოწვეული ექსპერტები წაიკითხავენ. კურსში მონაწილეობას 30 მონაწილე იღებს, მათ შორის, საქართველოში საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულენოვანი ვერსიის წარმატებული კურსდამთავრებულები და ევროპული ქვეყნების სხვა ფედერაციების წარმომადგენლები, მათ შორის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ საკითხებს შეისწავლიან:
- მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა;
- სტრატეგიული მართვა;
- ოპერაციული მართვა;
- ფეხბურთის მარკეტინგი და სპონსორობა;
- კომუნიკაციები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა
უეფასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება. კურსის მეორე მოდული ონლაინ რეჟიმში მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო დასკვნითი, მესამე მოდული კვლავ თბილისში, 2026 წლის აპრილში.