ფიფა-ს ორგანიზებით და ავსტრიის ფეხბურთის ასოციაციის მხარდაჭერით ვენაში ჩატარდა კონფედერაციათაშორისი სემინარი ევროპული და აფრიკული წევრი ასოციაციებისთვის.
მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთის სტანდარტების ამაღლება ფიფას მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო ამისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ცოდნის გაზიარება და სხვადასხვა რეგიონში წევრ ასოციაციებს შორის თანამშრომლობა. სემინარი აერთიანებდა ასოციაციებს უეფა-სა და კაფ-ის რეგიონებიდან, რაც ასახავს ფიფა-ს სტრატეგიულ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს თავისი წევრები მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული ცოდნის გაცვლით და საერთო განვითარების მიზნებზე ფოკუსირებით.
მონაწილე წევრი ასოციაციები:
- უეფა-ს ზონიდან: ფინეთი, მოლდოვა, უელსი, ავსტრია, საქართველო
- კაფ-ის ზონიდან: გაბონი, მაროკო, სენეგალი, ტანზანია, კამერუნი
თითოეული წევრი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ერთი ან ორი დელეგატით, რომლებმაც საკუთარი კომპეტენციის სფეროებში ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და შეხედულებები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სემინარზე ირაკლი ნაკაიძე და გიორგი ფირცხელანი წარმოადგენდნენ.
მონაწილე ასოციაციებთან კონსულტაციის შედეგად გამოვლინდა ხუთი პრიორიტეტული მიმართულება სემინარისთვის, მათ შორის ელიტური საკლუბო შეჯიბრების მდგრადობის ხელშეწყობა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაზრდა და ქალთა ფეხბურთის განვითარების დაჩქარება. აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები გამართეს ტანზანიის, ავსტრიისა და ფინეთის ასოციაციების წარმომადგენლებმა. საქართველოს, მოლდოვისა და მაროკოს დელეგატებმა ისაუბრეს საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე, უელსის ასოციაციის წარმომადგენელმა - ფინანსურ კონტროლსა და მმართველობაზე, ხოლო სენეგალელმა და გაბონელმა სტუმრებმა - ახალგაზრდული ფეხბურთისა და მსაჯთა განვითარებაზე. სემინარი იყენებს გლობალურ მიდგომას, სადაც ყველა გამოიყენებს თავის ექსპერტიზას და იმსჯელებს საკუთარ სტრატეგიაზე.
ამ პლატფორმით ფიფა ხელს უწყობს სტანდარტების ამაღლებას, ინოვაციების შთაგონებას და კონფედერაციებს შორის პარტნიორობის წახალისებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს თამაშის გლობალურ ზრდას და მდგრადობას.
ეს ინიციატივა ასახავს ფიფა-ს ფართო ხედვას ერთიანობის, სოლიდარობისა და პროგრესის შესახებ და ხაზს უსვამს მის როლს, როგორც ფეხბურთში ყველა დონეზე განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაცია.
„ცოდნის გაზიარების სემინარი უკვე მეორედ ტარდება. უზბეკეთში ჩატარებული პირველი სემინარი, რომელშიც ევროპული და აზიური ფედერაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ურთიერთთანამშრომლობის კარგ მაგალითად იქცა. ახლა კი ჩვენ მსგავს გარემოს ავსტრიაშიც ვქმნით.
სხვადასხვა კონტინენტიდან ასოციაცების ერთად შეკრება არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ ფეხბურთის მომავლის შექმნასაც უწყობს ხელს. თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საერთო გამოწვევების გადასალახად და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. ჩვენ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ, და ფიფას ერთ-ერთი მთავარი როლიც სწორედ ეს არის: ხიდების აშენება და მთელი მსოფლიოს გაერთიანება“.
„ეს სემინარი იმისი მკაფიო მაგალითია, თუ როგორ ახდენს კონფედერაციათაშორისი თანამშრომლობა ფეხბურთის განვითარების დაჩქარებას.
ჩვენი წევრების დიდი ნაწილი მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. ამიტომ კარია, რომ გვაქვს სივრცე, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი იდეების გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა."