სიახლეები

პირველად ისტორიაში - ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს მოემსახურებიან. 

უეფას გადაწყვეტილებით, გრაცის შტურმის და ლისაბონის სპორტინგის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან. 

ქართველ მსაჯებს აქამდე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ.

ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსი): "მოხარული ვართ და გვეამაყება, როდესაც ქართული ფეხბურთისთვის მსგავსი მნიშვნელობის მიღწევაზე ვსაუბრობთ.

სფფ-ის მიერ სამსაჯო მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და დანერგილი პროგრამების ფონზე მიღებული შედეგი, მოცემულ, მეტად დამსახურებულ, დანიშვნაში გამოვლინდა. ეს მოვლენა დიდი მნიშვნელობის მატარებელია როგორც ქართული სამსაჯო მიმართულებისთვის, ისე ზოგადად, აღმავლობის გზაზე მყოფი ქართული ფეხბურთისთვის.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მსაჯებს ჩემპიონთა ლიგაზე და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დანიშვნა იქნება ინსპირაციის წყარო მოქმედი და მომავალი ახალგაზრდა მსაჯებისთვის. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს გავაგრძელოთ შრომა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მსაჯების სამომავლო წინსვლისათვის."

შტურმის და სპორტინგის შეხვედრა 22 ოქტომბერს, ვიორთერზე შტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.