სიახლეები

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ორგანიზებით, 29 სექტემბერს ორი ღონისძიება გაიმართა. 

სოფელ ქვედა სიმონეთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ერთობლივი პროექტის “ფეხბურთი სკოლებში” ფარგლებში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. სავარჯიშო პროცესს სოფელ ქვედა სიმონეთის პირველმა სკოლამ უმასპინძლა. სიმონეთის პირველი სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ჩხარის მეორე სკოლის, არგვეთის, სავანის, მოძვის და ჯალაურთის სკოლების მოსწავლეებმა. სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ფესტივალის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა. 

პროექტი "ფეხბურთი სკოლებში" მეორე წელია მიმდინარეობს და საქართველოს მასშტაბით  40-მდე სკოლაა ჩართული. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს პროექტში ჩართულ სკოლებს საფეხბურთო ვარჯიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უფასოდ ჩაერთონ ფეხბურთში. 

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა წყალტუბოში, სადაც მოყვარულთა ლიგის მატჩის დაწყებამდე  "წყალტუბოს" და ქუთაისის "არესის" ფეხბურთელების შვილებმა საფეხბურთო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. 

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.