სიახლეები

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული | ღია ვარჯიში ვაკის საფეხბურთო ცენტრში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო. 

კვირეულის პირველი აქტივობა 25 სექტემბერს სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში WePlayStrong Georgia-სა და Playmakers პროექტის მონაწილე ბავშვების ღია ვარჯიში გაიმართა. გოგონებს საფეხბურთო ვარჯიშები, ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა ჩაუტარეს. ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო. 

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.

კვირეულის ფარგლებში, რომელიც 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან და ადგილზე სხვდასხვა სახის ღონისძიებას გამართავან.

WePlayStrong Georgia მეხუთე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს გოგონების ფეხბურთში ჩართვას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, ხოლო Playmakers-ი ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს დაინერგა. ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. პროექტის საქართველოში განსახორციელებლად ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელები სპეციალური პროგრამით გადაამზადა. ამასთან ერთად ყველა ლოკაციაზე უზრუნველყოფილია შესაბამისი ინვენტარის არსებობა. პროექტის მონაწილე ბავშვებს სავარჯიშო პროცესში ჩართვა სრულიად უფასოდ შეუძლიათ.