სიახლეები

საქართველო - Milan Glorie | თბილისმა ლეგენდების მატჩს უმასპინძლა

სფფ
გაუზიარე

თბილისში, მიხიელ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული საქართველოს ნაკრების და მილანის ვეტერანი ფეხბურთელების მატჩი გაიმართა. 

მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, ანგარიში კი პირველი ტაიმის მიწირულს, 38-ე წუთზე გაიხსნა. ალექსანდრე იაშვილის პასით გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. 55-ე წუთზე, კაფუს ჩაწოდებას საჯარიმოში ბორიელო გამოეხმაურა და წონასწორობა აღადგინა. 67-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დაწინაურდა. ოთარ მარცვალაძის პასით გოლი დავით სირაძემ გაიტანა. მილანმა წონასწორობა ორ წუთში, ზეედორფის გოლით აღადგინა. 

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანები დაარტყეს. პენალტების სერია სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. 

თამაშის დაწყებამდე, ქართველმა პარალიმპიელებმა პარიზის თამაშებზე მოპოვებული მედლები წარადგინეს და სფფ-ის პრეზიდენტისგან, ლევან კობიაშვილისგან სამახსოვრო მაისურები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველმა მედალოსნებმა სამახსოვრო ჯილდოები საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდეც მიიღეს.

საქართველოს ნაკრების და მილანის ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. 

საქართველო - Milan Glorie 2:2 (1:3 პენ.)

საქართველო: გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე, ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით სირაძე, დავით კვირკველია, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ღუდუშაური, ლადო დვალიშვილი, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლევან მჭედლიძე, გიორგი ნემსაძე, ლადო ბურდული

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

Milan Glorie: დიდა, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, მარკო ბორიელო, კლარენს ზეედორფი, რივალდო, ვალერიო ფიორი, კრისტიან პანუჩი, რიკარდო მონტოლივო, კაკა, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, კრისტიან ბროკი, მასიმო ოდო, ლუკა ანტონინი, კრისტიან ძაკარდო

მთავარი მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა