ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროლიგის A დივიზიონში დაწინაურდა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებული უკრაინის ნაკრები გახდა.
მესამე ადილისთვის მატჩში ჩვენმა გუნდმა ლატვიის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები ფარტენაძემ, ლომიძემ, ივანიაძემ, ჟორდანიამ და ხვიჩა მახარაძემ გაიტანეს.
მესამეადგილოსნის გამოვლენის შემდეგ, ბათუმის ახალ ქვიშის სტადიონზე ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის ნაკრებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 4:2 სძლია.
ფინალური მატჩის დაწყებამდე, საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა ლომიძემ სფფ-ს ქვიშის სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა. სფფ-ის სახელოთი ჯილდო პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიიღო.
ფინალური მატჩის დასრულდების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულთან და ტურნირის ფინალისტთან ერთად დაჯილდოვდა საქართველოს ნაკრები. ბათუმის საერთაშორისო თასზე მოპოვებულ მესამე ადგილთან ერთად, ჩვენმა გუნდმა ევროლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვა. გამოვლინდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები.
გამარჯვებულებს კუთვნილი მედლები და პრიზები გადასცეს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი თოთლაძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ.