ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში ჰეთ-თრიქი გოჩა მახარაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჟორდანიამ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს და ლატვიის ნაკრებების მატჩამდე, ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გულშემატკივარს სიტყვით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ქვიშის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა, ხოსეპ პონსეტმა მიმართეს.
ბათუმში მიმდინარე ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო B ჯგუფის გუნდები, უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში ასპარეზობენ.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.