საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 18 და 19 აპრილს, დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების ტუტორთა კურსის პირველი მოდული გაიმართა.
კურსი 3 მოდულისგან შედგება და მოქცეულია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტებში. პირველი მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ისე სასწავლო პროცესის პრაქტიკულ სიმულირებას.
მიმდინარე კურსზე 14 მონაწილე ირიცხება. გახსნით დღეს, სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ კურსის მსმენელებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. პირველ მოდულს უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი და ჯირა პანელის წევრი გენადი სკურტული დაესწრო.