სიახლეები

ქუთაისის აკადემიამ პირველი ფეხბურთელები მიიღო

სფფ
გაუზიარე

15 მარტს, ქუთაისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიამ დაიწყო ფუნქციონირება. 

აკადემიაში 2009 და 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომელიც იმერეთში სელექციის საფუძველზე დაკომპლექტდა. ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ 2 წლის განმავლობაში იცხოვრებენ და ისწავლიან. საფეხბურთო განათლებასთან ერთად, აკადემიის აღსაზრდელები ადგილზე შეისწავლიან ქართულს, ისტორიას, ინგლისურს და მათემატიკას. ამავდროულად, რეგიონში გრძელდება სელექციის პროცესი.

აკადემიაში პირველ საწვრთნელ პროცესს ესწრებოდნენ სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და რეგიონული და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აპარატის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. სტუმრებმა ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაესაუბრნენ აკადემიის აღსაზრდელებს დისციპლინისა და განათლების მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვეს საფეხბურთო კარიერაში. 

ქუთაისის ტექნიკურ ცენტრის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა და ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანია მოწყობილი. ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე ასევე აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყო. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება.