სიახლეები

მსაჯთა ზამთრის შეკრება ბათუმში

მსაჯები
გაუზიარე

11 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით ელიტ კატეგორიის მსაჯთა შეკრება დაიწყო.

შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები გაეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობას მიიღებენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება და მონაწილეობენ ფიფას და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორები. შეკრების გახნის დღეს სფფ-ის გენერალუდი მდივანი, დავით მუჯირი დაესწრო და მონაწილეებს წარმატება უსურვა. 

შეკრების პირველ დღეს  მონაწილე მსაჯებმა ფიზიკური ნორმატივები ჩააბარეს. 2024 წლისთვის საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯებს კი, შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადაეცათ. 

ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელი): “დღეს, ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპი დავიწყეთ. მოსამზადებელი ეტაპი, ერთი თვის წინ დავიწყეთ, როდესაც მსაჯებმა ფიზ-მომზადების დეპარტამენტისგან მიღებული ინდივიდუალური პროგრამით დაიწყეს ვარჯიში. დღევანდელი დღე, სწორედ ფიტნეს ტესტით დაიწყო და შედეგებით კმაყოფილები ვართ. 

შეკრებაზე ელიტ კატეგორიის მსაჯები და ასისტენტები, ასევე ფიფას ქალი მსაჯები და მეორე კატეგორიის ხუთი მსაჯი გვყავს მოწვეული. ამ შეკრების განმავლობაში, ჩვენი მიზანია მივაღწიოთ თანმიმდევრობას და ერთგვაროვნებას ახალ სეზონში. ბევრ მნიშვნელოვან საკითხს და გამოწვევას განვიხილავთ - ხელით თამაში, თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოში, თამაშგარე მდგომარეობა, ტაქტიკური ჯარიმები. გვექნება ჯგუფური და ღია დისკუსიები. მოგვიანებით, გადავინაცვლებთ საფეხბურთო მოედანზე, სადაც პრაქტიკული სამუშაოები გვექნება ფეხბურთელის და VAR-ის ჩართულობით. ეს ნამდვილად დაგვეხმარება, რათა სეზონის დაწყებას უმაღლეს დონეზე მომზადებულები შევხვდეთ”.

შეკრების შესახებ საერთაშორისო კატეგორიის არბიტრებმა, გიორგი ყრუაშვილმა და გოგა კიკაჩეიშვილმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რამდენად მნიშვენლოვანია ასეთი ტიპის მოსამზადებელი შეკრებები, რათა მსაჯები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ახალ სეზონს.