საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი დაიწყო. კურსის პირველი მოდული 2-დან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელები ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, სამწვრთნელო მეთოდოლოგია, შეტევაში თამაშის ორგანიზება და მეკარის როლი და დაცვაში თამაშის ორგანიზება. კურსი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება.
კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 21 მონაწილე ირიცხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
A ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ სიტყვით მიმართეს, წარმატება უსურვეს და აღნიშნეს, რამდენად მნიშვნელოვანია უეფას მწვრთნელთა განათლების აღნიშნული კურსი, რომელიც უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.