სიახლეები

სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი უეფას კომიტეტში

სფფ
გაუზიარე

22 ივნისს, ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში, სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, კომიტეტის წევრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა.

სფფ-ის პრეზიდენტი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 5 აპრილს, ლისაბონში გამართულ უეფას ყრილობაზე აირჩიეს.

სფფ-ის პრეზიდენტმა არჩევნებში 40 ხმა მიიღო და გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს. 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას კომიტეტებს სფფ-ის მენეჯმენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეუერთდა. აკაკი ალადაშვილი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უეფას იურიდიული კომიტეტის წევრი იქნება. 

ამავდროულად, უეფა-ს სხვადასხვა კომიტეტებში, სფფ-ის მენეჯმენტის წევრები აგრძელებენ მუშაობას და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახლებულ პოზიციებზე იმუშავებენ.

ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრები გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და განვითარებისა და ტექნიკური დახმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა; დავით მუჯირი კვლავ ახალგაზრდული და მოყვარულთა ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე იმუშავებს, ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის კომიტეტის წევრი; კახა ჭუმბურიძე - უეფას ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრი იქნება, ნიკა ჯღარკავა კვლავ მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი იქნება, ხოლო ოთარ გიორგაძე - მედია კომიტეტის წევრი.

აღმასრულებელმა კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. 

მნიშვნელოვანი სიახლეა უეფას ახალგაზრდული ლიგის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. 2024/25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გასული კლუბების 19-წლამდე გუნდების გარდა, ტურნირში უეფას ყველა ასოციაციის ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას. აქამდე, ტურნირში უეფას საკლუბო რეიტინგში საუკეთესო 32 ასოციაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ჩემპიონთა გზა სამი ორრაუნდიანი დაპირისპირებისგან შედგება. მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების წარმომადგენელი კლუბები ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებენ. სამი რაუნდის დასრულების შემდეგ, 1/16-ფინალური სტადიიდან გაიმართება ერთმატჩიანი პლეი-ოფები, რომლის შედეგადაც, ტურნირის ფინალურ სტადიაზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

გარდა ამისა, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2025 წლის ფინალს ლისაბონი უმასპინძლებს. უეფას კონფერენს ლიგის 2024 წლის ფინალს ათენი, ხოლო 2025 წლის ფინალს ვროცლავი უმასპინძლებს. უეფას 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად კი, პოლონეთი დასახელდა.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი სხდომა 26 სექტემბერს, კვიპროსში, ლიმასოლში გაიმართება.