სიახლეები

განახლებული ინფრასტრუქტურა პრემიერ-მინისტრმა გახსნა

სფფ
გაუზიარე

საქართველოში გასამართი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან დავით მუჯირთან, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან დავით ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა. 

მესხის სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ხოლო შენგელია არენაზე ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები. 

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სტადიონის ტრიბუნები, ტაბლო, დამონტაჟდა LED სარეკლამო ბანერები, მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების და უსაფრთხოების სისტემები. სტადიონი აღიჭურვა ყველა აუცილებელი სივრცით. მთავარ არენასთან ერთად, სრულად განახლდა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი.  

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის შენგელია არენას, სადაც თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სრულად აღჭურვილია სპორტული და აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

როგორც მესხის მთავარ და სათადარიგო სტადიონებზე, ისე შენგელია არენაზე ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები, ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს. 

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლადრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, ქვეყნის მასშტაბით აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს: თბილისის მესხის და პაიჭაძის სტადიონებს, ქუთაისის შენგელია არენას და საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონებს თბილისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს უეფას ყველაზე მაღალი, მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს ოთხი სტადიონი აკმაყოფილებს, სადაც უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩების გამართვაა შესაძლებელი.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. 

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.