დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქალთა შორის ფუტსალში „ზამთრის თასის“ ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს, აღმოსავლეთი ზონის გამარჯვებული სოხუმის „დინამო“ და დასავლეთის ზონის გამარჯვებული „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიაში 4-5 „ბათუმმა“ იმარჯვა და „ზამთრის თასის“ პირველი გამარჯვებული გახდა.
შეხვედრის ძირითადი დრო სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა და დინამოელები პირველი ტაიმის შემდეგ 2-0 იგებდნენ. ანგარიში მე-7 წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა. მე-15 წუთზე კი, ლელა ჭიჭინაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა. თუმცა, მეორე ტაიმში, სოხუმელებმა რეალური საგოლე მომენტები ვეღარ გამოიყენეს. ბათუმელებმა კი, მოახერხეს, ჯერ ანგარიშის შემცირება, მე-20 წუთზე გვანცა დოლიძის გოლით. მეორე ტაიმის მიწურულს კი, დარინა სელიმბამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა და საჭირო გახდა ორი დამატებითი 3-წუთიანი ტაიმის დანიშვნა. თუმცა, ამ დროში, ვერც ერთმა გუნდმა დაწინაურება ვერ მოახერხა და შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაინიშნა. აქ კი, უფრო ცივი გონებით ბათუმელებმა იმოქმედეს და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრაში ორივე გუნდში საუკეთესო ბათუმელთა მეკარე ლიკა მარკოიძე იყო. ფეხბურთელმა, თავი ტურნირის მანძილზეც გამოიჩინა და დღესაც, სწორედ, მას უნდა უმადლოდეს აჭარული გუნდი, რომ სოხუმელთა მრავალი მცდელობის მიუხედავად, „ბათუმის“ კარში მხოლოდ, ორი გოლი გავიდა. აჭარული გუნდის კარის მცველმა პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი და შესაბამისად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც დაიმსახურა.
„ზამთრის თასის“ ბომბარდი კი, 10 გატანილით, ასევე ბათუმელი თათია შაინიძე გახდა. ბომბარდირზე ერთით ნაკლები 9 გოლი გაიტანა მიმდინარე ტურნირზე სოხუმის „დინამოს“ შემტევმა ლელა ჭიჭინაძემ.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებს პრიზები, მეორე ადგილოსან გუნდს მედლები, გამარჯვებულს კი, მედლები და თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ გადასცეს.