დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქალთა შორის ფუტსალში, „ზამთრის თასის“ აღმოსავლეთი ზონის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩში, სოხუმის „დინამო“ „კვარტალს“ დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და დრამატული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 4-4 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, ორი დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, „კვარტალი“ იგებდა, ანგარიშით 2-4. თუმცა, დარჩენილ დროში 1 წუთიან მონაკვეთში ლელა ჭიჭინაძემ, ორი გოლის გატანა და გათანაბრება მოახერხა. ჭიჭინაძემ დააწინაურა დამატებით დროში სოხუმელები. „კვარტალის“ გამოცდილმა ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა კი, კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 5-5. საბოლოოდ, დინამოელებს გამარჯვება მეგი ეჯიბიას გოლმა მოუტანა მეორე დამატებითი დროის მიწურულს, როდესაც ანგარიში 6-5 გახდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჭიჭინაძემ დღეს პენტა-ტრიკი შეასრულა. ორი თამაშის ჯამში კი, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 2022 წლის გოლეადორის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.
კვლავ დიდი ანგარიშით, ამჯერად წალკის „ეძანი“ დაამარცხა დღეს, „სამეგრელომ“ 2-10. გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდიდან, გოლები ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა, 3-3 ელენე კახნიაშვილისა და ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა, 2 გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა, თითო კი, ელენე ენჯიბაძემ და მარიამ ჯანიკაშვილმა. წალკელთაგან, „სამგურალის“ კარი მარი გობაძემ და თეონა გორგაძემ აიღეს. აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის შედმეგ, ვიდრე დასავლეთის ზონის 1/4 ფინალები ჩატარდება, „ზამთრის თასის“ ბომბარდირთა დავას 9 გატანილი გოლით, სწორედ, „სამეგრელოს“ ფეხბურთელი, მაიკო ბებია უდგას სათავეში.
აღმოსავლეთ ზონის 1/2 ფინალში ახლა, ერთმანეთს, სოხუმის „დინამო“ და ჩხოროწყუს „სამეგრელო“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 თებერვალს არის დაგეგმილი.
მანამდე კი, 23 თებერვალს, 1/2 ფინალისტები დასავლეთ ზონაში გამოვლინდებიან, სადაც, „რაჭა 2020“ – „ბათუმს“, „ფენიქსი“ კი, „მართვეს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ზონის თამაშები ქუთაისის სპორტის სასახლეში ტარდება.