სიახლეები

B ლიცენზიის კურსი განსაკუთრებული სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის - მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. 

აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად იმართება და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვისაა, რომლებსაც C ლიცენზიის გარეშე ეძლევათ B ლიცენზიის მიღების საშუალება. შესაბამისად მონაწილეები უეფას მწვრთნელთა კონვენციით დადგენილი სპეციალური წესით შეირჩნენ. კერძოდ, სწავლებაზე ის ფეხბურთელები დაიშვნენ, რომლებმაც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩატარებული აქვთ 200-ზე მეტი თამაში ეროვნულ ლიგაში.

30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, კურსის მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: შეტევა (ზონა 2), მეკარის ტექნიკური მომზადება, თავდაცვა (ზონა 2), სკანინგი, ფსიქოლოგია.

კურსი უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად და უეფას ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით მიმდინარეობს. შედგება ოთხი 4-დღიანი მოდულისგან და მოიცავს, როგორც C ლიცენზიის კურსის, ისე B ლიცენზიის კურსის პროგრამას. 

კურსი დამატებით შესაძლებლობას აძლევს განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე პირებს ფეხბურთში საქმიანობის გასაგრძელებლად. მიმდინარე კურსზე 12 მსმენელი ირიცხება.