სიახლეები

PRO ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

28-29 დეკემბერს, წინანდალში, სასტუმრო რადისონ ქოლექშენში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.

კურსის მიმდინარეობისას მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, ლიდერობა, რონდოს ფილოსოფია, შემდგომი განათლება, ანალიტიკა, პრესინგი, სტანდარტული სიტუაციები. Refresh​ კურსი 31 მწვრთნელმა გაიარა.

ღონისძიებას სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე დაესწრო. კურსზე იმყოფებოდა უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი, ფრენკ ლუდოლფი.    კურსის მნიშვნელობის გარდა, სფფ-ის და უეფას წარმომადგენლებმა  ხაზი გაუსვეს უეფას მწვრთნელთა განათლების ერთ-ერთ მთავარ პროექტს, მწვრთნელთა სამიტს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება და 2023 წელს ბათუმში ჩატარდება. მასშტაბურ ღონისძიებაში უეფას 55 წევრი ასოციაციის გარდა, სხვა კონფედერაციების წარმომადგენელი ქვეყნები მონაწილეობენ. 

 დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. სასიხარულოა, რომ დღეს კიდევ ერთი რეფრეშ კურსი გავმართეთ Pro ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უეფას მწვრთნელთა კონვენციის გუნდს და მათ ხელმძღვანელს, ფრენკ ლუდოლფს, რომელიც პირადად იმყოფებოდა ამ კურსზე. ამჟამად უეფას Pro ლიცენზიის კიდევ ერთი კურსი მიმდინარეობს, ხოლო 40-მდე ქართველ მწვრთნელს, რომელსაც უკვე აქვს ხსენებული ლიცენეზია, უეფას მწვრთნელთა კონვენციის დებულებით რეფრეშ კურსი უნდა გაევლოთ, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. 

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ. 2023 წელს, 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, უეფასთან შეთანხმებით, ბათუმში, უეფას მწვრთნელთა სამიტი გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა უეფასთვის, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და უეფას წევრი 55 ფედერაციის გარდა, წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა კონფედერაციები, ტექნიკური დირექტორები, მთავარი მწვრთნელები, გენერალური მდივნები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ღონისძიების ჩატარების უფლება გვაქვს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უეფას გუნდს, რომელიც წარმოდგენილი იქნება, როგორც Jira Panel-ის წევრებით, ისე უეფას ტექნიკური დეპარტამენტის და ტექნიკური განვითარების კომიტეტის სახით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადოდ ვუმასპინძლოთ აღნიშნულ სამიტს“

?  ფრენკ ლუდოლფი (უეფას ტექნიკური განვითარების ხელმძღვანელი): „პირველ ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მწვრთნელთა განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მწვრთნელის დონე გადამწყვეტი ფაქტორია და აუცილებელია, რომ კვალიფიკაცია ყოველთვის ამაღლდეს. ამისთვის კი, მაღალი ხარისხის მწვრთნელთა განათლების სისტემა, თანამედროვე აზროვნება და მოქნილობაა საჭირო. ფეხბურთის ფედერაცია, ბოლო წლების განმავლობაში ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ძალიან აქტიურია და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს, რაც სამომავლოდ სარგებელს მოუტანს ქართულ ფეხბურთს. საქართველოში გაიმართება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სტანდარტების შესაბამისად იქნება. საინტერესო ტურნირი გველის, რომელზეც ასევე მწვრთნელთა მუშაობის შედეგს ვიხილავთ. 

დღევანდელი ღონისძიება, რომელზეც საქართველოში პრო ლიცენზიის მქონე თითქმის ყველა მოქმედი მწვრთნელია შეკრებილი, მაგალითია იმისა, რომ ისინი მზად არიან სწავლისთვის და სურთ მომდევნო საფეხურზე ასვლა. ხვდებიან, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ სწავლა არ უნდა შეწყვიტონ და განათლების მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანია. პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. 

მოუთმენლად ველით ბათუმში, უეფას მწვრთნელთა სამიტზე ჩამოსვლას. უკვე გვქონდა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა. ბათუმი შესანიშნავი ადგილია, სადაც დიდი სიხარულით მოვიწვევთ უეფას 55 ასოციაციის და სხვა კონფედერაციების წარმომადგენლებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაცვლისთვის, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის იმის წარმოსადგენად, თუ რა ღონისძიებებს ატარებს მწვრთნელთა განათლების განვითარებისთვის“.

?  გიორგი ჭიაბრიშვილი (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი): „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ჩვენი განათლებისთვის. ძალიან იშვიათია, როდესაც მწვრთნელს მშობლიურ ქვეყანაში ეძლევა პრო ლიცენზიის კურსის გავლა. 
მნიშვნელოვანი იყო რეფრეშ კურსი, ის გარემო და ინფორმაცია, რომელიც აქ მივიღეთ. ეს არის მთავარი, რაც სჭირდება მწვრთნელს, რათა გაიზარდოს, როგორც პროფესიონალი“.