სიახლეები

ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, აღმასრულებელი კომიტეტის წლის შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

? დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც დღეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს გავაცანით. 2023 წელი საარჩევნო წელია უეფასა და ფიფაში. შესაბამისად, უეფაში გაიმართება როგორც პრეზიდენტის, ისე აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები. ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში პირველად, გადავწყვიტეთ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრობაზე სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ვაცნობეთ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. ლევან კობიაშვილის კანდიდატურა უეფას მიერ დადგენილ ვადებში ოფიციალურად იქნება წარდგენილი.

მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ის პროექტები, რომელიც მისი პრეზიდენტობის 7-წლიან ვადაში განვახორციელეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველად ისტორიაში, ქართველი გახდეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.“

შეგახსნებეთ, რომ უეფას წესდების შესაბამისად, უეფას წევრი ასოციაციის ერთ მოქმედ თანამდებობის პირს შეუძლია უეფას აღმასკომის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. უეფას აღმასკომის წევრების არჩევა ხდება უეფას კონგრესის მიერ 4 წლის ვადით. უეფას 2023 წლის კონგრესი 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.