სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი დაიწყო. 

აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად ტარდება და შექმნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: 

  • მინიმუმ 10 თამაში საქართველოს ეროვნულ (A) ნაკრებში 
  • საქართველოს ეროვნული (A) ნაკრების წევრი მინიმუმ 7 წლის განმავლობაში
  • შეუსრულდა, ან სწავლების პერიოდში უსრულდება 30 წელი 

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მონაწილეებს გამოცდილებას უეფას ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ. 

პირველი მოდულის გახსნას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო, რომელმაც წარმატება უსურვა მონაწილეებს, ისაუბრა სამწვრთნელო განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული მიმართულება პრიორიტეტულია ფეხბურთის ფედერაციისთვის.  

? გურამ კაშია (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): "ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ პირველ დღეს. რა თქმა უნდა, კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან იქნება პრაქტიკული ნაწილი, სადაც ვარჯიშებს ჩავატარებთ, რაც ჩვენთვის უჩვეულოა. მონდომებულები ვართ და გვინდა, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს კურსი.

საინტერესო გამოწვევაა, რადგან ეს ჩვენი საყვარელი სფეროა და გვინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიაროთ გამოცდილება და ეტაპობრივად გადავიდეთ Pro ლიცენზიის სწავლებაზე".

? კრის ვან დერ ჰაგენი (უეფას ექსპერტი): “საინტერესოა მოქმედი ფეხბურთელებისთვის ცოდნის გაზიარება. ფეხბურთის შესახებ ასეთი გამოცდილების მქონე მოთამაშეებს ახალს ვერაფერს ასწავლი, თუმცა მათ სჭირდებათ ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ. მოთამაშეებს უდიდესი უპირატესობა აქვთ, რადგან იციან ყველაფერი ფეხბურთის შესახებ. ეს ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა მთავარია, როგორ გადასცემ სამწვრთნელო იდეებს ფეხბურთელებს, როგორ სამწვრთნელო ხერხებს მიმართავ, რათა ფეხბურთელები უკეთესები გახდნენ. სწორედ ეს უნდა ისწავლონ ფეხბურთელებმა და მხოლოდ სამწვრთნელო პროცესში ჩართულობით შეძლებს მოთამაშე, რომ გარდაიქმნას მწვრთნელად და ამას გარკვეული დრო სჭირდება".