სიახლეები

ქუთაისის ტორპედო საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს თასი
გაუზიარე

7 დეკემბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2022 წლის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "ლოკომოტივი 2" ორბურთიანი სხვაობით, 2:0 დაამარცხა. 

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში 53-ე წუთზე, მაურო კაბალიეროს გოლით გაიხსნა. 61-ე წუთზე "ტორპედომ" კიდევ ერთხელ გაიტანა. ფინალური შეხვედრის საბოლოო ანგარიში გიორგი ქიმაძემ დააფიქსირა. 

თამაშის დაწყებამდე, ორივე გუნდის ფეხბურთელები შეუერთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ ტორპედოს პრეზიდენტი დავით კერესელიძე, ტორპედოს გენერალური დირექტორი დავით დოლაბერიძე, ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. 

ფინალური მატჩის მიმდინარეობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კრისტალბეთის საერთო წამახალისებელი გათამაშება გაიმართა, რომლის ფარლგებშიც გამარჯვებულებმა კუთვნილი პრიზები - ლეპტოპი, ტელევიზორი და მობილური ტელეფონი მიიღეს.