სიახლეები

დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

სფფ
გაუზიარე

24 ნოემბერს, დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

ახალი საფეხბურთო კომპლექსი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა, კახი კალაძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ დაათვალიერეს.

ღონისძიების ფარგლებში, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები, ასევე პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და სხვა წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, სტუმრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და მსგავსი ცენტრების საჭიროებას მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): ბედნიერი ვარ და მინდა თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის მიზანი და ჩვენ ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. უფრო მეტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სტადიონი გვჭირდება, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი".  

კახა კალაძე (თბილისის მერი):დიდ დიღომში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სპორტული ცენტრის სახით. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. დიდი დიღმის ცენტრი მოიცავს თანამედროვე მოედანს, შესაბამისი დონის გასახდელებით, საშხაპეებით. გულშემატკივრებისთვის კი, მოწყობილია ტრიბუნა. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ პატარებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან, ექნებათ შესაძლებლობა თავის რაიონში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული მოღვაწეობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონებში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა“.

დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით. საფეხბურთო ცენტრი სფფ-ის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა.

კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის 4 უბანში, მათ შორის, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანში და ვარკეთილში.