სიახლეები

უეფას B ლიცენზიის კურსი განსაკუთრებული სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის პირველი მოდული გაიმართა. 

აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად იმართება და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვისაა, რომლებსაც C ლიცენზიის გარეშე ეძლევათ B ლიცენზიის მიღების საშუალება. შესაბამისად მონაწილეები უეფას მწვრთნელთა კონვენციით დადგენილი სპეციალური წესით შეირჩნენ. კერძოდ, სწავლებაზე ის ფეხბურთელები დაიშვნენ, რომლებმაც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩატარებული აქვთ 200-ზე მეტი თამაში ეროვნულ ლიგაში.

კურსი უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად და უეფას ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით მიმდინარეობს. შედგება ოთხი 4-დღიანი მოდულისგან და მოიცავს, როგორც C ლიცენზიის კურსის, ისე B ლიცენზიის კურსის პროგრამას. 

კურსი დამატებით შესაძლებლობას აძლევს განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე პირებს ფეხბურთში საქმიანობის გასაგრძელებლად. მიმდინარე კურსზე 12 მსმენელი ირიცხება. მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ბაჩანა ცხადაძე. 

? ბაჩანა ცხადაძე: "მადლობა სფფ-ს ბ ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის შესაძლებობისთვის. ვფიქრობ, აქ მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია ძალიან დამეხმარება უშუალოდ მწვრთნელებთან ურთიერთობაში და სხვა ნებისმიერი მიმართულებით როგორც ფეხბურთის ფუნქციონერს და მენეჯერს.

რაც უფრო მეტი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი მიიღებს შესაბამის განათლებას და შემდგომ შეასრულებს ტუტორების და იმ ადამიანების რეკომენდაციებს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, უფრო ჯანსაღი და კომპეტენტური გარემო იქნება ქართულ საფეხბურთო სამყაროში".