სიახლეები

ვიზიტი სართიჭალის მშენებარე სტადიონზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა. სტადიონის მშენებლობაზე ასევე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე გასახდელი ფეხბურთელებისთვის, 650 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სტადიონზე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყობა საპარკინგე სივრცე. ასევე მოხდება არსებული ტერიტორიის შემოღობვა. სტადიონის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მოედნის საძირკველსა და მოედნის საფარის დაგებას, ასევე საჭირო ინვენტარს, ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება.  

განახლებული სტადიონით სართიჭალის საფეხბურთო კლუბი "შტურმი", ადგილობრივი ბავშვთა და ასაკობრივი გუნდები ისარგებლებენ. 

? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება და ბედნიერება, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა იქნება ძალიან მალე სართიჭალაში. როგორც პირველ გუნდს, ასევე ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის სტადიონზე ივარჯიშონ და ითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს მათ წინსვლას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტს ბავშვს გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს, ითამაშოს ფეხბურთი, გახდეს ამ კლუბის წევრი, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სართიჭალისთვის, არამედ მიმდებარე სოფლებისთვის და რეგიონისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას. გვიხარია, რომ ერთობლივად ვიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას.