სიახლეები

11x11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი გოგონათა შორის

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, კამპანია #WePlayStrong საქართველოს ფარგლებში, გოგონათა შორის 11X11-ზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. 

გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობს. მიმდინარე პროექტი საპილოტეა და ერთ თვეს გასტანს, ფინალში კი დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 

კასპში, ტურნირის პირველი ტურის გახსნით შეხვედრებს, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ, მოთამაშეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 

აღნიშნული ღონისძიება უეფას მასობრივი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

? კახა ჭუმბურიძე (სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი): „დაიწყო ახალი პროექტი, რომელსაც სფფ მოყვარულთა ლიგასთან ერთად ახორციელებს. ეს არის 11x11-ზე ფეხბურთი გოგონებს შორის. გვიხარია, რომ ბევრი გოგონაა ჩართული. გვყავს 14 გუნდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან. 

ფეხბურთში გოგონათა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ უფრო მეტი გოგონა იყოს ჩართული ფეხბურთში და ჯანსაღი წესით იცხოვროს. 

აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო მომავალ წელს, გათამაშება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მეტი გუნდი ჩაერთვება“.