თბილისის კლასიკური გიმნაზია უეფას პროექტ „ფეხბურთი სკოლებში“ ჩაერთო. აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ხორციელდება და საჯარო სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, სკოლის პირველ და მეორე კლასელ გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ სკოლის ტერიტორიაზე რეგულარულად იარონ საფეხბურთო გაკვეთილებზე. ვარჯიშებს სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელები ჩაატარებენ და მონაწილეობა სრულიად უფასო იქნება. საპილოტე პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე ათამდე სკოლის ჩართვა იგეგმება.
დღეს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის სპორტულ დარბაზში პროექტში მონაწილე ბავშვებისთვის ვარჯიში გაიმართა, რომელსაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამუნა კაპანაძე დაესწრნენ. ვარჯიშზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სრული ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სკოლის ტერიტორიაზე უფასოდ ჩაერთონ ფეხბურთში. ღონისძიება უეფას ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში იმართება.
? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): "უეფას მხარდაჭერით და ჩართულობით, დავიწყეთ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. კლასიკურ გიმნაზიაში უკვე ტარდება ვარჯიშები ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოდ. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას და დირექტორს, ქალბატონ თამარ კაპანაძეს ჩართულობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი ქვეყანაში რაც შეიძლება მასობრივი გავხადოთ და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, რომ ითამაშოს ფეხბურთი. ცხადია, ამ პროექტს გავაგრძელებთ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებში განვახორციელებთ".