სიახლეები

სპორტული კომპლექსი „ავაზა“ ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან „ავაზა“-ს სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ.

სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო სკოლა „ავაზა“-ს ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან მიხეილ მესხის სახელობის „ავაზა“-ს სკოლა დაუბრუნდა ფეხბურთს. ძალიან მალე აქ ვიხილავთ თანამედროვე სტანდარტების მოედნებს და ბავშვებს საშუალება ექნებათ უკეთეს პირობებში ითამაშონ ფეხბურთი.

ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ სკოლას. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება და ბავშვებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, მოყვარულებს ექნებათ ფეხბურთის თამაშის საშუალება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრება და მისი და დედაქალაქის მერიის უშუალო ჩართულობით ეს ადგილი დაუბრუნდა ფეხბურთს. აქ უამრავი მოთამაშე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გვასახელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გაიზრდებიან“.

? კახა კალაძე (თბილისის მერი): „გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი“.