15 აგვისტოს, მესტიაში, 15-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის 6 გუნდი მონაწილეობს. პროექტი სფფ-ის ეგიდით, მასტერ ლიგის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით იმართება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ, 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა მიმართეს. გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კახა ჟორჟოლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სერგო კვარაცხელია.
? კახა ჭუმბურიძე (სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი): „ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ფეხბურთის ფედერაციისთვის. გოგონების ის რაოდენობა, რომელიც დღეს აქ ვნახეთ, სანატრელი იყო მთელს საქართველოში რომ შეგვეკრიბა. ჩვენ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარება გრძელდება და ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ“.
? აკაკი ხლაბუსტოვი (7x7-ზე ფეხბურთს ასოციაციის პრეზიდენტი): „სფფ-ის და მასტერ ლიგის მეგობრობა გრძელდება ძალიან საინტერესო პროექტით. წელს ძალიან ბევრი მსურველია, რადგან 40-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს აღნიშნულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ფეხბურთში უფრო მეტი გოგონა ჩაერთოს. უპრეცედენტოა, რომ წელს მესტიას ჰყავს გოგონათა გუნდი. ვისურვებ, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ“.
პროექტი კამპანია #WePlayStrong საქართველო“-ს ფარგლებში იმართება. ღონისძიებას გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციის და პარტნიორობის ანალიტიკოსი, სალომე ბენიძე ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს წარმატებები უსურვა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი გამარჯვებულ გუნდს პრიზებს გადასცემს.
? სალომე ბენიძე (UNFPA საქართველოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი): „ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ კონკრეტული გოგოების ცხოვრების ცვლილებაში, არამედ, ზოგადად, ჩვენი, როგორც უფრო თანასწორი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში“.
აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს, ფესტივალის ფორმატში გაიმართა და მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მა გუნდმა მიიღო. მიმდინარე წლიდან კი, ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 2022 წლის სეზონში ტურნირში 40-ზე მეტი გოგონათა გუნდი იღებს მონაწილეობას.
ჯგუფი „ა“
„მესტია“, „მარტვილი“, „ლაკადა“ (წალენჯიხა)
ჯგუფი „ბ“
„ხიბულა“ (ხობი), „ზუმი“ (ჩხოროწყუ), „ზანა“ (აბაშა)
ტურის შედეგები
„მესტია“ 0:2 „მარტვილი“
„ხიბულა“ 1:0 „ზუმი“
„მარტვილი“ 0:1 „ლაკადა“
„ზუმი“ 5:0 „ზანა“
„ლაკადა“ 1:2 „მესტია“
„ზანა 0:1 „ხიბულა“
პირველი ტურის შემდეგ, საკუთარ ჯგუფებში "მარტვილი" და ხობის "ხიბულა" ლიდერობენ.