სიახლეები

15-წლამდე გოგონათა 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

6 აგვისტოს "კაჭრეთის ამბასადორის" საფეხბურთო მოედანზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და Master League-ის ინიციატივით 15-წლამდე გოგონათა შორის 7x7-ზე საფეხბურთო ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

აღმოსავლეთ საქართველოს ტურის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა აკაკი ხლაბუსტოვმა მიმართეს.

ჩემპიონატის პირველ დღეს ერთმანეთს აღმოსავლეთ საქართველოს რვა გუნდი დაუპირისპირდა, 2022 წლის სეზონი გასული წლის ჩემპიონის, „ადიგენი“-სა და მარნეულის „მარადისი“-ს მატჩით გაიხსნა.

აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს, ფესტივალის ფორმატში გაიმართა და მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30-მა გუნდმა მიიღო. მიმდინარე წლიდან კი, ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. 2022 წლის სეზონში ტურნირში 40-ზე მეტი გოგონათა გუნდი იღებს მონაწილეობას.

პირველ ტურში საკუთარ ჯგუფებში "ადიგენი" და "რუსთავი" ლიდერობენ. 

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გოგონათა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალთა ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

კახა ჭუმბურიძე, პირველი ვიცე პრეზიდენტი: „მოგეხსენებათ, წლევანდელი წლიდან ჩემპიონატი რეგულარულ სახეს მიიღებს და ფეხბურთის მოყვარულ გოგონებს, ყოველწლიურად მისცემს საშუალებას ითამაშონ თავიანთი საყვარელი სპორტის სახეობა. სწორედ მსგავსი ტურნირები შეუწყობს ხელს ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულების გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო მეტ გოგონას მივცეთ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა.

ტურნირი აღმოსავლეთ საქართველოს გუნდების მონაწილეობით გაიხსნა, და მომდევნო დღეების მანძილზე სხვა რეგიონების გუნდებიც ჩაერთვებიან. 

ამ მიმართულებით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, რათა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ფეხბურთი გოგონებისთვის. შემოდგომაზე კიდევ ერთ ახალ პროექტს ჩაეყრება საფუძველი და გოგონათა 11x11-ზე რეგულარული ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

მიხარია, რომ წლიდან წლამდე, უფრო მეტი გოგონა ერთვება ფეხბურთში. მინდა წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონატში მონაწილე თითოეულ გუნდს“.

პროექტი კამპანია #WePlayStrong საქართველო“-ს ფარგლებში იმართება.

ჯგუფი "ა"

"ადიგენი"

"მარადისი"

"წალკა"

"ქარელი" 

ჯგუფი "ბ"

"რუსთავი"

"ალგეთი" (მარნეული)

"საგარეჯო" 

"სართიჭალა"