სიახლეები

საფეხბურთო ბანაკი დევნილი ახალგაზრდებისთვის რუხის აკადემიაში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, რუხის საფეხბურთო აკადემიაში პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში, 25-მა დევნილმა ახალგაზრდამ რუხის საფეხბურთო აკადემიაში 10-დღიანი შეკრება გაიარა. საფეხბურთო კემპის ფარგლებში გათვალისწინებული საწვრთნელი პროცესის გარდა, ახალგაზრდებმა რეგიონის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. 

რუხის საფეხბურთო აკადემიამ დევნილი ბავშვებისთვის ორგანიზებულ ბანაკს უკვე მეორედ უმასპინძლა. 

? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „მინდა ხაზი გავუსვა ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე მეორე წელია ახორციელებს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად.

ძალიან გვახარებს დევნილი ახალგაზრდების რუხის ამ არაჩვეულებრივ აკადემიაში მასპინძლობა და თავადაც აღნიშნავენ, რომ ბედნიერი არიან ამ აკადემიაში ყოფნით. 10 დღეა ჩვენთან ერთად არიან, ყოველდღიურად მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი და ამის გარდა გვქონდა სხვადასხვა ღონისძიებები. 

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა და ხაზს ვუსვამ, რომ ფეხბურთი არის ყველასთვის. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი და როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ცხადია, რომ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, რათა მეტად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზად არის მომავალშიც უმასპინძლოს ახალგაზრდებს, ვინაიდან აქ გატარებული ყოველი დღე მათთვის და ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ თანამშრომლობას“.