სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილსში ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკის დახურვის ცერემონია გაიმართა.
ბანაკს 14 ივლისიდან თბილისმა უმასპინძლა. კემპში მონაწილეობდნენ 6-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები პოლონეთიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, ბეგლიიდან, კოსტა-რიკიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ბანაკის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშობდნენ, ხოლო დასკვნით დღეს თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
დახურვის ცერემონიას სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრპეზიდენტი, მათეუშ ვიდლაკი ესწრეობდნენ, რომლებმაც კემპის მონაწილებსა და მწვრთნელებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ბანაკები 2016 წლიდან ტარდება. პირველ ორ კემპს ირლანდიის რესპუბლიკამ უმასპინძლა, ხოლო მომდევნო წლებში ღონისძიება პოლონეთსა და იტალიაში ჩატარდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრადიციული კემპი ამჯერად უკვე საქართველოში ტარდება.
? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. საზაფხულო ბანაკზე შვიდი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ ბავშვები საქართველოდანაც.
ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციასთან ერთად დიდი ხანია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. რამდენიმე რამდენიმე წლის წინ ჩემპიონთა ლიგაც ჩავატარეთ საქართველოში.
ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა. ფეხბურთს საზღვრები არ აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ითამაშოს ფეხბურთი და იყოს ჩართული ამ პროცესში.
მოხარულები ვართ და ვამაყობთ, რომ ამხელა მხარდაჭერა გვაქვს და ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ასეთი ღონისძიებების ჩატარება. ეს ადასტურებს, რომ უეფასთან და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მზად ვართ, რომ მომავალშიც ვუმასპინძლოთ მსგავს ღონისძიებებს".
? გიორგი ხვედელიძე (მწვრთნელი): „კემპი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციას, რომლებმაც ბავშვების გულები გაახარეს.
ეს ბავშვები ჩვენი მომავალია. ძალიან კარგი თაობა გვყავს, წინა წლებში ჩატარებული კემპებიდან სამი მოთამაშე უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. გვყავს რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რადგან ვმონაწილეობთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე“.