სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკი თბილისში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

14 ივლისიდან, თბილისი ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბანაკს მასპინძლობს.

კემპში მონაწილეობენ 6-დან 16 წლამდე ასაკის ფეხბურთელები პოლონეთიდან, ინგლისიდან, თურქეთიდან, ბელგიიდან, კოსტა-რიკიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. ბანაკის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში ივარჯიშებენ. 

კემპის გახსნის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი მატეუშ ვიდლაკი ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. 

ამპუტანტ ფეხბურთელთა საერთაშორისო ბავშვთა საფეხბურთო ბანაკები 2016 წლიდან ტარდება. პირველ ორ კემპს ირლანდიის რესპუბლიკამ უმასპინძლა, ხოლო მომდევნო წლებში ღონისძიება პოლონეთსა და იტალიაში ჩატარდა. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ტრადიციული კემპი ამჯერად უკვე საქართველოში ტარდება.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის. იცით, რომ 2019 წელს ამპუტანტ ფეხბურთელთა პირველ ჩემპიონთა ლიგას ვუმასპინძლეთ თბილისში. მჭირდროდ ვთანამშრომლობთ უეფასთან ამ მიმართულებით და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაცია. დიდი სურვილი გვქონდა თბილისში ჩაგვეტარებინა ეს კემპი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ბავშვი მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სიამოვნება მიიღონ ამ გარემოთი, ფეხბურთით და ჩვენთან სტუმრობით. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ დაუვიწყარი დღეები ჰქონდეთ საქართველოში".

? მათეუშ ვიდლაკი (ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი) "მოხარული ვარ საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობით. 2019 წელს თბილისში ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა ჩავატარეთ და შესანიშნავი პროექტი გამოგვივიდა. ახლა კი, ჩვენი მთავარი პროექტით, ახალგაზრდული კემპით დავბრუნდით, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებთ. 

ბანაკის ფარგლებში, 6-დან 16 წლამდე ამპუტანტი ფეხბურთელები სხვადასხვა ქვეყნებიდან იკრიბებიან, რათა ერთად ივარჯიშონ და ეს ძალიან გვეხმარება ამ პროგრამის განვითარებაში. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვუწევთ ორგანიზებას".