საქართველოს ფუტსალის ლიგის 2021/22 სეზონის გამარჯვებული "თელასი-ჯორჯიანსი" გახდა. ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოქმედი ჩემპიონი კსუ 2:1 დაამარცხა.
ანგარიში თელასმა მატჩის მე-11 წუთზე, ირაკლი თოდუას გოლით გახსნა. კსუ-მ პირველი ტაიმის მიწურულს ნიკა მანგოშვილის გოლით გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. გადამწყვეტი დამატებითი დროის ბოლო წუთებზე, კსუ-ს მეკარის, ადრიანო კარირის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, "თელასი-ჯორჯიანსი" ოქროს მედლებითა და საჩემპიონო თასით სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა დააჯილდოვეს. გარდა ამისა, დაჯილდოვნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფინალური შეხვედრის მსაჯები:
მეკარე: ალი ასლანი (თსუ)
მცველი: შოთა თოფურია (თელასი)
თავდამსხმელი: დავით ხეჩიკაშვილი (თელასი)
უნივერსალი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ)
საუკეთესო მოთამაშე: ვახტანგ კეკელია (თელასი)
საუკეთესო მწვრთნელი: ლევან კობაიძე (კსუ)
ბომბარდირი: ნიკა ხარაიშვილი (ქუთაისის მართვე) 26 გოლით
ფინალის მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, ბაკურ ნინუა, გოჩა ტარუაშვილი, სოფიკო რიჟამაძე