სიახლეები

ვიზიტი მარნეულის მშენებარე სტადიონზე

სფფ
გაუზიარე

23 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მოინახულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნისა და 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის მშენებლობა. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, დამონტაჟდება განათება და აღიჭურვება გახმოვანების სისტემით. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის. 

ახალი სტადიონის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და პროექტის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. 

? ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს ვნახე. ეს არის ის პროექტი, რომელსაც რეგიონი და მარნეულის მოსახლეობა, ახალგაზრდობა დიდი ხანია ელოდება. 

თითოეული ადგილობრივი წლებია ითხოვს აქ მაღალი სტანდარტების სტადიონის აშენებას და პირველ რიგში ამას ითხოვს ფეხბურთი. შენდება სტადიონი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ხელს შეუწყობს მარნეულში და ზოგადად ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას, როგორც გოგონებისთვის, ისე ბიჭებისთვის, ბავშვებისთვის და მარნეულის პროფესიული გუნდისთვის.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მოტივაცია თითოეული ადგილობრივი ახალგაზრდისთვის, რომელიც ფეხბურთში უნდა ჩაერთოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული“.