საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. დავით პეტრიაშვილი არენაზე ვიდეორეფერის სემინარი იმართება, რომლის ფარგლებში საფეხბურთო მოედანზე პრაქტიკული სამუშაო სრულდება.
სემინარზე მოწვეული ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები მონაწილეობენ, მსაჯებს კი საკამათო სათამაშო ეპიზოდების გარჩევა და VAR-ის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებათ. სემინარს ესწრება ფიფას მსაჯთა პოლონელი ინსტრუქტორი, პაველ გილი.
სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.