სიახლეები

PRO ლიცენზიის კურსის მეცხრე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 9-11 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეცხრე მოდული მიმდინარეობს.

აღნიშნულ მოდულს უეფას Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული ესწრებიან. საკუთარ გამოცდილებას კურსის მსმენელებს საქართველოს ნაკრების ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ფაბიან ბოსუე უზიარებს. 

მოდულის ფარგლებში Pro ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები რამდენიმე პრეზენტაციას წარმოადგენენ და მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში. გარდა ამისა, მწვრთნელები მიიღებენ ინფორმაციას ფიტნესის, პრესინგის და კონტრპრესინგის შესახებ. 

PRO ლიცენზიის მიმდინარე კურსზე 15 მწვრთნელი ირიცხება. კურსი 2021 წლის 21 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

💬 კრის ვან დერ ჰაგენი (უეფას Jira Panel-ის წევრი): „ძალიან ბედნიერი ვარ მიმდინარე მოვლენებით. სესიების დონე უეფას კონვენციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ვფიქრობ, სფფ-მ მწვრთნელთა განათლების პროცესის მოდერნიზაცია დაიწყო და ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ფეხბურთის განვითარებისთვის. ეს მწვრთნელები მომავალში ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ იმუშავებენ.“

💬 ფაბიენ ბოსუე (საქართველოს ნაკრების ფიზ. მომზადების მწვრთნელი): “ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. მწვრთნელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციის გაზიარება, ისე ახლის მიღება. ჩემთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, მოვისმინო მონაწილეთა გამოცდილების შესახებ და თავად მივიღო მონაწილეობა ქართული ფეხბურთის განვითარების პროცესში". 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კურსზე სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლოეს ინფორმაციას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.