ქუთაისში, გორში, ლანჩხუთსა და თბილისში დღეს, ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ ტურში, 17 გოლი გავიდა. ორი ტურის შემდეგ კი, სამი გუნდი ქულების მაქსიმუმით ლიდერობს.
„დინამო“ სოხუმი - „კოლხეთი“ ხობი 3-2
თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო კომპლექსში, სოხუმის „დინამო“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა. ანგარიში, მე-2 წუთზე, ავტოგოლით მასპინძლებმა გახსნეს. სოხუმი დინამოელმა ნათია სხირტლაძემ, მხოლოდ შეხვედრის პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ეს, ანგარიშშიც აისახებოდა. მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე, სოხუმელები დაწინაურდნენ ლელა ჭიჭინაძის გოლით. 69-ე წუთზე, 11-მეტრიანით ანა წულაიამ წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე ნათია სხირტლაძემ დუბლი გაიფორმა, სოხუმის „დინამომ“ კი, ამ გოლის წყალობით, მიმდინარე გათამაშებაში, მეორე გამარჯვება ჩაიწერა.
„გორი იუნაიტედი“ – „ნორჩი დინამო“ 0-4
გორის „პარკი არენაზე“ თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ერთი გოლი, 32-ე წუთზე, მარიამ რომანჩუკმა გაიტანა, ცოტა თუ მოელოდა, რომ სტუმრები, მეორე ტაიმში კიდევ სამ გოლს გაიტანდნენ. 52-ე წუთზე რომანჩუკმა, დუბლი გაიფორმა, 82-ე წუთზე კი, ჰეთ-თრიქიც მიითვალა. მანამდე კი, ნორჩდინამოელთაგან 79-ე წუთზე, მასპინძლეთა კარი ელენე კახნიაშვილმა აიღო. „ნორჩმა დინამომ“, ახალ ჩემპიონატში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„ლანჩხუთი“ – „კვარტალი“ 3-0
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, თბილისის „კვარტალი“ მიიღო და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. გურულებში გადაბარგებულმა ეთერ სულაშვილმა, ამ შეხვედრაშიც მოახერხა გოლის გატანა. ეთერმა ამჯერად 25-ე და 65-ე წუთებზე აიღო მეტოქის კარი და ორი ტურის შემდეგ 5 გოლით ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. 82-ე წუთზე, მორიგი გოლი, მეორე მატჩში ზედიზედ, გაიტანა მეგი გოცირიძემაც.
„მართვე“ – „სამეგრელო“ 0-5
ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, „ტორპედოს“ ბაზაზე ჩატარდა. „სამეგრელომ“, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, რამეთუ, სათამაშო უპირატესობის გარდა, მასპინძელთა კარის აღება სამჯერ მოახერხა. ანგარიში, მე-15 წუთზე თამრიკო სალუქვაძემ გახსნა და მიმდინარე გათამაშებაში, უკვე მეოთხე გოლი ჩაიწერა აქტივში. მე-17 წუთზე ანგარიში ორამდე მაიკო ბებიამ გაზარდა და შეხვედრის მიწურულს დუბლიც გაიფორმა. მასაც, სალუქვაძის მსგავსად, ორი ტურის შემდეგ, უკვე 4 გატანილი გოლი აქვს. დღევანდელ შეხვედრაში კი, თითო გოლი ნინო ბუხრიკიძემ (23’) და სვეტლანა კოლკამ (49’) გაიტანეს.
ქალთა ლიგის ახალი სეზონის მესამე ტური 14 მაისს გაიმართება. გათამაშების კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე
მიმდინარე სეზონში, ახალი ვებ-გვერდია - womensleague.ge ამოქმედდა, სადაც ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის (როგორც ქალთა ლიგის ასევე, ქალთა ლიგა 2-ისა და ქალთა თასის გათამაშების) შესახებ ინფორმაციას იხილავთ.