სიახლეები

საქართველოს ქალთა ლიგის 2022 წლის გათამაშება დაიწყო

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

დღეს, საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ლანჩხუთსა და ხობში, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ქალთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაში, ისევე როგორც გასულ სეზონზე, ჩემპიონობისთვის რვა გუნდი იბრძოლებს: „ლანჩხუთი“, თბილისის „კვარტალი“, ხობის „კოლხეთი“, „სამეგრელო“ (მიმდინარე სეზონიდან, „ნიკე“ ამ სახელით ასპარეზობს), თბილისის „ნორჩი დინამო“, ქუთაისის „მართვე“, „გორი იუნაიტედი“ და სოხუმის „დინამო“, რომელმაც 2021 წლის სეზონზე ქალთა ლიგა 2 მოიგო და ძლიერთა შორის დაბრუნდა. 

„კვარტალი“ – „დინამო“ სოხუმი 1-2

თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, „კვარტალი“, სოხუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა. ანგარიში მე-14 წუთზე სოხუმელებმა გახსნეს. გოლი, ლელა ჭიჭინაძის ანგარიშზეა, რომელმაც მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით „დინამოსთვის“ პირველი „სამქულიანი“ გაიტანა. მეორე ტაიმის სტარტზე, ქალთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდიდან, „კვარტალიდან“, ლიზი კანკიამ 49-ე წუთზე მოახრეხა გოლის გატანა. თუმცა, ეს მატჩის გადასარჩენად არ აღმოჩნდა საკმარისი.

„სამეგრელო“ – „ნორჩი დინამო“ 5-1

თბილისშივე, სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში „სამეგრელომ“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა. მასპინძლები, შეხვედრის პირველ ტაიმში, თამარ სალუქვაძის ჰეთ-თრიქით (33’, 37’, 45) დაწინაურდნენ და მეორე ტაიმში, მშვიდად გამოვიდნენ სათამაშოდ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მაიკო ბებიამ „სამეგრელოს“ ანგარიშზე, კიდევ ორი გოლი ჩაწერა (52’ 80’), ნორჩ დინამოელთაგან კი, პრესტიჟის გოლი, 73-ე წუთზე ელენე კახნიაშვილმა გაიტანა. 

„ლანჩხუთი“ – „გორი იუნაიტედი“ 6-0

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „გორი იუნაიტედს“ დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა ქალთა ლიგაში დარჩენის უფლება 27 აპრილს მოიპოვა. შესაბამისად, დღევანდელ მატჩში,  ძლიერ მეტოქესთან, გორელები ცოტა ინერტულები იყვნენ. ჩემპიონმა კი, თავისი შანსები ხელიდან არ გაუშვა. პირველი ტაიმი, 3-0 მოიგო. ლანჩხუთელთაგან, პირველი გოლი, მე-5 წუთზე, „გორი იუნაიტედიდან“ „ლანჩხუთში“ გადაბარგებულმა ეთერ სულაშვილმა გაიტანა. სულაშვილმა ამავე ტაიმში, დუბლი გაიფორმა, 24-ე წუთზე. მატჩის მიწურულს, 74-ე წუთზე კი, მესამე გოლიც ჩაიწერა აქტივში. პირველი ავტოგოლი, მიმდინარე ჩემპიონატში, გორელებმა,  39-ე წუთზე გაიტანეს. შეხვედრის მეორე ნახევარში კი, მიმდინარე სეზონში, გოლების ათვლა მეგი გოცირიძემ (90’) და შეცვლაზე შემოსულმა, ანა გობრონიძემაც (88’) დაიწყეს.  

„კოლხეთი“ ხობი - „მართვე“ 2-1

ტურის ბოლო შეხვედრა, ხობში, ვ. თათარაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივმა „კოლხეთმა“, „მართვეს“ უმასპინძლა. ამ შეხვედრაში, ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ქუთაისელებმა, მე-3 წუთზე, 11-მეტრიანით გახსნეს. სეზონის პირველი და ჯერ-ჯერობით, ყველაზე სწრაფი გოლი, ლანა გორგაძემ გაიტანა. მასპინძლებმა, 13 წუთში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ვიკა კუპრეიშვილმა „მართვეს“ კარი, მე-16 წუთზე აიღო, პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, დუბლიც გაიფორმა.

ქალთა ლიგის ახალი სეზონის მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. გათამაშების კალენდარი  და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.

ერთი სიახლე, რომელიც ქალთა ლიგის 2022 სეზონიდან ამოქმედდა, ახალი ვებ-გვერდია - womensleague.ge ,სადაც ქალთა  საფეხბურთო ჩემპიონატის (როგორც ქალთა ლიგის ასევე, ქალთა ლიგა 2-ისა და ქალთა თასის გათამაშების) შესახებ ინფორმაციას იხილავთ.  

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მსგავსად, ქალთა ლიგის გათამაშება ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზედა ოთხეულის წარმომადგენლები ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო ქვედა ოთხეულში მოხვედრილი გუნდები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ. ქალთა ლიგას ბოლო ადგილზე გასული გუნდი დატოვებს და მას ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.