სიახლეები

„გორი იუნაიტედი“ ქალთა ლიგაში რჩება

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა საფეხბურთო კლუბი „გორი იუნაიტედი“ 2022 წლის სეზონზე, ქალთა ლიგაში რჩება. მთავარ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი საგზურისთვის დღეს, გორის „პარკი არენაზე“, ადგილობრივი „გორი იუნაიტედი“ ხაშურის „ივერიას“ დაუპირისპირდა. 2021 წლის სეზონზე, გორელებმა, ქალთა ლიგის გათამაშების ქვედა ჯგუფში, სატურნირო ცხრილში, ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს. ხაშურელებმა კი, ლიგა 2-ის რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული მეორე საფეხურით ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფლეი-ოფის შიდაქართლის დუელში, გორელებმა მატჩის საწყისი წუთებიდანვე აიღეს სადავეები ხელში და პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრა 2-0 წაიყვანეს. დუბლი, მე-15 და 45-ე წუთებზე, გამოცდილმა ანა პოღოსიანმა შეასრულა. ფეხბურთელმა, მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე კიდევ ერთ გოლი გაიტანა. მანამდე კი, 55-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ლიზიკო გოგალაძემ მოახერხა ხაშურელთა კარის აღება. „ივერიამ“, მატჩის მიწურულს ერთი გოლი გაქვითა. 85-ე წუთზე გოლი, ნინო ხარაზიშვილმა გაიტანა. შეხვდრა კი, 4-1 „გორი იუნაიტედის“ გამარჯვებით დასრულდა. 

ქალთა ლიგა 2-ში, რეგულარულ ჩემპიონატში, 30 გატანილი გოლით, 2021 წლის ბომბარდირი ხაშურის „ივერიას“ გუნდის წარმომადგენელი ნინო ბუხრიკიძე გახდა. 29 გოლით დაასრულა სეზონი ხაშურის „ივერიას“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ირმა ლომიძემ.  

შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგაში, 2022 წლის სეზონზე, ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული, სოხუმის „დინამო“ იასპარეზებს.  ქალთა ლიგა 2-ში კი, მთავარი ლიგიდან, „ბათუმმა“ ჩაინაცვლა.