სიახლეები

სოხუმის „დინამომ“ 2021 წლის სეზონი 107 გატანილი გოლით დაასრულა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონი დღეს, ოფიციალურად დასრულდა.  ხაშურში, სეზონის ბოლო, გადადებული, მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი „ივერია“, რომელსაც ამ მატჩამდეც, რეალურად ქალთა ლიგაში გადასასვლელ ფლეი-ოფში თამაშის უფლება განაღდებული ჰქონდა, ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულს, სოხუმის "დინამოს" შეხვდა. 

სოხუმელებმა, რომლებმაც, 2021 წლის სეზონზე, ყველა მატჩი მოიგეს, ამ შეხვედრაშიც გაიმარჯვეს ანგარიშით 0-11. დინამოელთაგან გოლები ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა. მათ შორის, 5 გოლი ნინო ჩანგელიას ანგარიშზეა. ჰეთ-თრიკი ჩაიწერა გამოცდილმა ლელა ჭიჭინაძემ, რომელიც სოხუმის „დინამოს“ რამდენიმე თამაშია შეუერთდა და ყველა მატჩში, სტაბილურად გააქვს გოლი. თითო გოლი კი, ელენე გაზდელიანის, ანი კვახაჯელიძისა და დიანა ბაქრაძის ანგარიშზეა. 

სხვათა შორის, სწორედ, დღევანდელ მატჩში, სოხუმელებმა, ერთ სეზონში გატანილი გოლების სამნიშნა რიცხვი დააფიქსირეს. გუნდისთვის მე-100 გატანილი გოლის ავტორი კი, დიანა ბაქრაძეა. საერთო ჯამში ლიგის გამარჯვებულის ანგარიშზე, 107 გატანილი და საკუთარ კარში მიღებული, მხოლოდ 7 გოლია. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სეზონზე, სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგაში იასპარეზებს. რაც შეეხება, ხაშურის "ივერიას", გუნდმა, ქალთა ლიგა 2-ის რეგულარულ ჩემპიონატში, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა, ქალთა ლიგაში გადმოსასვლელად, ფლეი-ოფში, „გორი იუნაიტედს“, 27 აპრილს შეხვდება.

გათამაშების საბოლოო შედეგები და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე