სიახლეები

ხობის „კოლხეთი“ და „ლანჩხუთი“ ქალთა თასის ფინალში არიან

საქართველოს ქალთა თასი
გაუზიარე

საქართველოს ქალთა თასის ფინალში „ლანჩხუთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიან. თბილისსა და ზუგდიდში დღეს, ქალთა თასის გადადებული, 2021 წლის სეზონის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

თბილისში, სფფ ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, თბილისის „ნიკე“, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში 0-2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩი, გურულების სათამაშო უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ძირითადი დრო და პირველი დამატებითი ტაიმი, ფრედ, 0-0 დასრულდა. მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისშივე კი, „ლანჩხუთმა“ დაწინაურება მოახერხა. 107-ე წუთზე გოლი, მეგი გოცირიძემ გაიტანა. კიდევ 4 წუთში, საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ, მეორედ აიღო „ნიკეს“ კარი. თბილისურმა გუნდმა კი, დარჩენლ დროში, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. 

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. მეგრულ დერბიში, რომელშიც ქალთა ლიგა 2-ის „ფენიქსი“, ქალთა ლიგის ბრინჯაოსმედალოსან ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, „კოლხეთი“, 0-4-ს იგებდა. ანგარიში კი, მე-17 წუთზე ანა წულაიამგახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს ფეხბურთელმა დუბლიც (43’) გაიფორმა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, 24-ე წუთზე, ზუგდიდელთა კარი თამუნა თავდიშვილმა, 44-ზე კი, სალომე თოდუამ აიღეს. შეხვედრის მეორე ნახევარში, ხობელებმა კიდევ უფრო გაზარდეს ანგარიში. ამჯერად დუბლი (54’ 76’), თამარ სვანიძის ანგარიშზეა. საბოლოოდ „კოლხეთმა“ 0-6 გაიმარჯვა და კლუბის ისტორიაში, პირველად გავიდა საქართველოს ქალთა თასის ფინალში.