სიახლეები

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

22 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ძირითადი საკითხი საქართველოს ჩემპიონატის ლიგების დებულების დამტკიცება იყო.  

2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მეცხრე და მეათე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ლიგა 3-ში, ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს. ამ ფორმატით გაირკვევა 2023 წლის ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეები, შესაბამისად, ლიგა 3-ის ორი საუკეთესო კლუბი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილზე გასულს კლუბებს. 

ლიგა 3-ის გათამაშებაში მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო ლიგა 4-ის მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ ლიგაში დაქვეითდებიან.  

ახალი სეზონიდან პლეიოფის მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების ლიმიტი 10 მოთამაშემდე გაიზარდა. 

აღმასკომზე ასევე დამტკიცდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. გათამაშება სტარტს აპრილში აიღებს. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად,  ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მსკ „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას.  

ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება. მერვედფინალური მატჩები 20 და 21 აგვისტოს შედგება. 

კალენდარში გათვალისწინებულია ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ინტერესები. 2 ივლისს ეროვნული ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდები ბოლო შეხვედრას 29 ივნისს გამართავენ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება. 

უეფას რეკომენდაციით, მინიმალური ცვლილებები შევიდა ლიცენზირების დებულებაში. სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში დამტკიცდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საფეხბურთო სკოლებს.