2022 წლის სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი ბათუმის დინამო გახდა.
სეზონის პირველ ოფიციალური მატჩში, რომელსაც ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ეროვნული ლიგის 2021 წლის გამარჯვებულმა საქართველოს თასის მფლობელი საბურთალო პენალტების სერიაში დაამარცხა.
ძირითად დროში ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში ბათუმელებს მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ. გია გეგუჩაძის გუნდის დაწინაურება აზაცკის და ორჯერ გაფრინდაშვილს შეეძლო. მომენტი საბურთალოსაც ჰქონდა - გიორგი ჯგერენაიას ძლიერი შორეული დარტყმა ლაზარე კუპატაძემ მოიგერია.
ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ გამარჯვებულის გამოსავლენად 11-მეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნა. პენალტები დინამოელებმა უკეთ შეასრულეს, ლაზარე კუპატაძემ კი სამი 11-მეტრიანი მოიგერია და 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმური კლუბი არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა სუპერთასის მფლობელი.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის შეხვედრით საქართველოში ახალი, 2022 წლის საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 25 იანვარს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დაიწყება, ხოლო ეროვნული ლიგა 2 კი, 1 მარტს აიღებს სტარტს.
დინამო ბათუმი - საბურთალო 0:0 (პენ. 7:6)
დინამო ბათუმი: კუპატაძე - მამუჩაშვილი, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - ტეიდი (73’ ბიძინაშვილი), ალთუნაშვილი (78’ ანანიძე) - გაფრინდაშვილი, ზარია (54’ ფლამარიონი), ჯიღაური (54’ ფალავანდიშვილი) - ფანცულაია (73’ ლობჯანიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: ალავიძე, ნავალოვსკი, რეხვიაშვილი, დენკოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
საბურთალო: გოშაძე - უბილავა, ჯგერენაია, კაკუბავა, ლაცაბიძე - შ.ნონიკაშვილი, ქარდავა, ლ.ნონიკაშვილი (77’ ქავთარაძე) - ტაბატაძე (64’ სიხარულიძე), გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი (90’ იაშვილი)
სათადარიგო შემადგენლობა: მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩადუნელი, გ, მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, გეგუჩაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი; ასისტენტები: მიხეილ კუპატაძე, ივანე მაჩიტაძე; მეოთხე მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
გაფრთხილება: 11’ მამუჩაშვილი, 28’ გაფრინდაშვილი, 32’ ქარდავა, 65’ ფალავანდიშვილი, 71’ ლ. ნონიკაშვილი, 80’ ქავთარაძე