სიახლეები

PRO ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული გაიმართა. აღნიშნული მოდული საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელის მუშაობის და კლუბის ორგანიზაციული და სხვა არსებითი ინფორმაციის დაკვირვებას ისახავდა მიზნად. 

მოდულის ფარგლებში, სასწავლო კურსის მონაწილეები იმყოფებოდნენ თურქეთში და ისრაელში, სადაც სტაჟირების პირველ ეტაპზე მონაწილეობა თხუთმეტმა მონაწილემ მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეებმა „დინამო“ ბათუმის, „დინამო“ თბილისის, „საბურთალოს“ და საქართველოს 19 წლამდე ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე ჩაატარეს სწავლება, სადაც დაესწრნენ თამაშებს, ვარჯიშებს და სხვადასხვა საწვრთნელ აქტივობას. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო თეორიულ ნაწილს.

სასწავლო საკითხები შემდეგ თემებს მოიცავდა: გუნდის და კლუბის სტრუქტურა, შემადგენლობა, სამწვრთნელო და კლუბის ფილოსოფია, გუნდის თამაშის ტაქტიკური აგება და სტილი, მწვრთნელის სტილი, სტაფის მართვა, საწვრთნელი პროცესის დაგეგმვა და ანალიზი, უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენება, სკაუტინგი და ლიდერობის სტილები. ჩამოთვლილ საკითხებზე მივლენილი ჯგუფები ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას და მიღებულ ცოდნას შემდეგ მოდულზე გაუზიარებენ.

? ზაზა ზამთარაძე (სფფ-ის ტექნიკური დირექტორი): "პრო ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელებისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო შეკრება გაიმართა. კურსის მონაწილეებმა ერთკვირიანი პრაქტიკული მოდულის ფარგლებში უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მიიღეს. მინდა, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის სახელით მადლობა გადავუხადო „დინამო ბათუმს", „დინამო თბილისს", „საბურთალოს“ და მათ მწვრთნელებს - ბატონ გიორგი გეგუჩაძეს, ბატონ კახა ცხადაძეს და ბატონ ლევან კორღალიძეს გამჭირვალეობისა და თანამშრომლობისთვის. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება ნაყოფიერად წაადგება „პრო“ ლიცენზიის მესამე გამოშვების მონაწილეებს სწავლის წარმატებული პროცესისათვის."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კურსზე სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.