სიახლეები

ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობას აგრძელებს. ოთხწლიანი განვითარების გეგმის შემუშევება უეფას ექსპერტების დახმარებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა გროუს წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი, დანიელ ფლეჩერი, უეფა „გროუს“ მენტორი, ოლექს კუჩერევი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი, ლეს ჰაუვი, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენტორი, ასევე შეინ ჯონსი, უეფას სტრატეგიული ექსპერტი.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა მასობრივი ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განათლება, ეროვნული ჩემპიონატის ხელშეწყობა, ბრენდის იდენტობა და სხვა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებს ონლაინ კონფერენციის საშუალებით მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს.

დანიელ ფლეჩერი (უეფა „გროუს“ მენტორი): „ჩართულები ვართ სამუშაო პროცესში, რათა გავიგოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის. განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში ვისახავთ მიზნებს, სადაც ყველაზე მეტი შესაძლებლობა გვექნება და სადაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის გამოხატვა შეგვიძლია.

ვფიქრობ, აქ ფანტასტიკურ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ. ისინი დიდი ხანია ფეხბურთში მუშაობენ და ეს სფერო ძალიან კარგად იციან. ასე რომ, დიდ საფეხბურთო მემკვიდრეობას, საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს და ამ ადამიანების უნარებსა და გამოცდილებას თუ გავაერთიანებთ, ვფიქრობ,  უეფას მხარდაჭერასთან ერთად, შევძლებთ წარმატების მიღწევას.“

ოლექს კუჩერევი (სტრატეგიული განვითარების ექსპერტი): „თანამშრომლობა ფანტასტიკურია, რადგან ყოველდღიურ შეხვედრებში ვხედავთ ტოპ მენეჯმენტის აქტიურ ჩართულობას. უკვე მეორე სამუშაო შეხვედრას ვმართავთ თბილისში, სადაც კონტექსტუალური ანალიზი გავაკეთეთ, გვაქვს იმ ძირითადი მიმართულებების პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას სურს ქართული ფეხბურთს განვითარება.

გვქონდა შესანიშნავი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან. პოზიტიური იყო იმის ხილვა, თუ როგორ ჩართო ფედერაციამ ყველა დაინტერესებული მხარე - სპონსორები, პარტნიორები, სამთავრობო ინსტიტუტები. ასე რომ, სწორ გზაზე ვართ, გვაქვს შესანიშნავი ჩართულობა ფეხბურთის ფედერაციის სტაფის მხრიდან, მაგიდაზე გვაქვს ძალიან დიდი ოდენობის ინფორმაცია. ახლა მთავარი საკითხია პრიორიტეტების განსაზღვრა და უახლოესი მომავლისთვის ძირითადი მიმართულებების დადგენა.“

სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფას ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.

პირველი სატრატეგიული გეგმა კი, უეფას ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.