სიახლეები

ქსკ ლანჩხუთს საჩემპიონო თასი გადაეცა

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

დღეს გურიაში, გვიმბრალაურის საფეხბურთო აკადემიაში, ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“, ქალთა ლიგის 2021 წლის ჩემპიონობა ოფიციალურად იზეიმა. გამარჯვებულებს ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ნინო სორდიამ გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიამდე კი, ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის, ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ლანჩხუთმა“, გათამაშების მესამეადგილოსან ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა, სატურნირო მდგომარეობით არაფერს აღარ ცვლიდა, საკმადო დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ანგარიში 38-ე წუთზე „კოლხეთმა“ გახსნა, შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი მეგი გოცირიძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს ანგარიშის გაზრდის საშუალება ყოფილ ლანჩხუთელ, თამრიკო სალუქვაძეს ჰქონდა, თუმცა, კარგად ითამაშა თათია გაბუნიამ. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში, გაბუნიაზე მეტი სამუშაო, სტუმართა მეკარეს, ანი ლომსაძეს ჰქოდნა. თუმცა, მას შემდეგ რაც ლანჩხუთელთა სასარგებლოდ 11-მეტრიანი დაინიშნა, სტუმრები კი, 10 ფეხბურთელით დარჩნენ, მის კარში 2 გოლი გავიდა. 79-ე წუთზე, 11-მეტრიანით თეონა თოდაძემ ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, კი კუთხურის შემდეგ, მარიამ კალანდაძემ „ლანჩხუთს“ მორიგი 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში (როგორც რეგულარულ ასევე ზედა ჯგუფში), საქართველოს ორგზის ჩემპიონი „ლანჩხუთი“, ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ წაუგია. „ლანჩხუთმა“ წლის ბოლო შეხვედრა 2-1 მოიგო და ახლა, მომდევნო სეზონისთვის და ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მოემზადება.

დღის მეორე შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ნუცუბიძის ცენტრში გაიმართა. ქალთა ლიგის ორგზის გამარჯვებულმა „ნიკემ“, 2021 წლის მეორეადგილოსანი „კვარტალი“ მიიღო და 4-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ნიკე“, რომელიც წლეულს საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა, შეხვედრის დაწყებიდან პირველ 15 წუთში უკვე, 3-0-ს იგებდა. ამ გარემოებას, „კვარტალის“ რიგებიდან გაძევებული ფეხბურთელიც დაემატა. თუმცა, დარჩენილ დროში, „კვარტალმა“ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, „ნიკემ“ კი, შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა და საბოლოოდ, 4-1 გაიმარჯვა. ნიკელთაგან დუბლი ლელა ჭიჭინაძემ შეასრულა, თითო გოლი მაიკო ბებიამ და ლიზი მწყერაშვილმა გაიტანეს. „კვარტალიდან“ კი, ზუსტი ლიზი კანკია იყო.

ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის საბოლოო ცხრილი იხილეთ ბმულზე

ქვედა ჯგუფში თამაშები 11 დეკემბერს გაიმართა. თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, ქუთაისის „მართვემ“, „ნორჩი დინამო“ 0-2 დაამარცხა და ამ გამარჯვებით, ქალთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მატჩის ბედი, ქუთაისელებმა, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, გოლები მე-15 წუთზე მარიამ ხარგელია, 21-ეზე კი, ლანა გორგაძემ გაიტანეს.

დიდი ანგარიშთ 1-9 გაიმარჯვა ბათუმში, „გორი იუნაიტედმა“.  თუმცა, უშუალო კონკურენტთან, „მართვესთან“ ურთიერთშეხვედრების გამო, ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მათ, ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან პლეი-აუტის თამაში მოუწევთ. გორელთაგან ანგარიში მე-7 წუთზე ანა პოღოსიანმა გახსნა, კიდევ ერთი გოლი ამ ტაიმში, გვანცა თამაზაშვილის ანგარიშზეა, 7 გოლი კი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გორელმა მოთამაშემ, ეთერ სულაშვილმა გაიტანა. ბათუმელთაგან, რომლებიც მომავალი სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებენ, პრესტიჟის გოლი ელენე არჩუაძემ გაიტანა.

ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის საბოლოო ცხრილი იხილეთ ბმულზე