სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის ჩამოყალიბებას იწყებს, რომელიც 4 წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა გროუს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიის განვითარებაა. პირველი ვიზიტის ფარგლებში უეფას ექსპერტებთან ერთად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, ნაკრები გუნდების, ეროვნული ჩემპიონატის, ქალთა და ბავშთა ფეხბურთის განვითარება, მასობრიობის ზრდა, საფეხბურთო განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა.

სამუშაო პროცესში მონაწილეობენ სფფ-ის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციები.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი, შეხვედრაში მონაწილეობენ დანიელ ფლეჩერი, უეფა „გროუს“ მენტორი, ოლექს კუჩერევი, უეფა „გროუს“ სტრატეგიული განვითარების ექსპერტი და ექსპერტები იური სვირიდოვი, შეინ ჯონსი და გრით ბონინგი.

ფედერაციებს შორის გამოცდილების გაცვლის პროექტის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, მაჩე სავიცკი, რომელიც უეფასთან ერთად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული გეგმის სამუშაო გუნდს ხელმძღვანელობდა.

შეგახსნებეთ, რომ პირველი სატრატეგიული გეგმა, უეფას ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.

სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და განვითარების პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფას ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები. 

💬 ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „უეფას ჩართულობით ჩვენ უკვე გვქონდა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლითაც დღემდე მოვედით. ახლა კი, სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა საჭიროებები გაჩნდა როგორც ქვეყანაში ისე ფეხბურთში, შესაბამისად ჩვენ განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავდივართ. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. უეფას აქ ყოფნა ადასტურებს, თუ რამდენად სწორად გავიარეთ ჩვენ ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ დავგეგმოთ ყველაფერი. უნდა ჩამოყალიბდეს ხედვა თუ როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყანაში ფეხბურთი და როგორ უნდა ჩაერთონ ადამიანები სპორტის ამ სახეობაში.“

💬 დანიელ ფლეჩერი - უეფა „გროუს“ მენტორი: „საქართველოში ძალიან საინტერესო და  შედეგიანი შეხვედრები გვაქვს. ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ძალიან დიდი ჩართულობა დავინახეთ და უამრავი საინტერესო იდეა მოვისმინეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, შევაგროვოთ ყველას გამოცდილება, როგორც უეფას ექსპერტების ისე, მოწვეული კონსულტანტების. ქართველ საფეხბურთო ექსპერტებთან მუშაობისას,  რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენენ, ვფიქრობ შევძლებთ საინტერესო შედეგის მიღწევას.“ 

💬 მაჩე სავიცკი - პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი: „პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის, უეფასთან ერთად სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება, ძალიან სასარგებლო იყო. მოხარული ვარ, რომ შემიძლია მონაწილეობა მივიღო და უეფასთან ერთად ჩავერთო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიის განვითარების პროცესში. ვხედავ, რომ ყველა აქტიურად არის ჩართული და იციან რა როლი აქვს ფეხბურთს საქართველოში. განახლებული სტრატეგიაც სწორედ ამისი გამოძახილი იქნება.“  

💬 ოლექს კუჩერევი - უეფა „გროუს“ სტრატეგიული განვითარების ექსპერტი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ.  ჩემთვის კარგად არის ცნობილი იმ განვითარების შესახებ, რომელზეც ერთად ვმუშაობდით პრეზიდენტთან და მთელ გუნდთან ერთად. საქართველოში მრავალი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამჯერადაც ჩართული ვარ ფედერაციის სტრატეგიული გეგმის განახლების პროცესში. ბევრი მიმართულებით იგრძნობა წინსვლა, მაგრამ გვჯერა, რომ მომავალში ერთად ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებთ.“