სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი | სამგურალი - საბურთალო

საქართველოს თასი
გაუზიარე

24 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.

​ქობულეთის "ჩელე არენაზე" ადგილობრივმა "შუქურამ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა ანგარიშით - 2:3 დამარცხდა. განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული მატჩის მეორე ნახევარი გამოდგა. ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა, ალექსანდრე ვერულიძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. "შუქურამ" წონასწორობა სწრაფად აღადგინა, 77-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა ბექა ვერულიძემ შეასრულა. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა და 84-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაქსიმე ქვილითაიას მოგერიებული ბურთი გიორგი გაფრინდაშვილს მიუვიდა და ქობულეთელთა შემტევმა ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა. დარჩენილ დროში "სამგურალი" გააქტიურდა და სოსო ფრუიძის გუნდმა ძირითად დროშივე მოახერხა სასურველი შედეგის დაფიქსირება. 87-ე წუთზე ნიკა ჭანტურიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 89-ეზე კი, პაპუნა ფონიავამ ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა და "სამგურალი" საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

​მეორე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს "საბურთალო" და ბათუმის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:1 დასრულდა. ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა. პირველ ნახევარში მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, განსაკუთრებით კარგი შანსები ჰქონდა "საბურთალოს", მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. ლევან კორღალიძის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა მეორე ტაიმის სტარტზე მოიპოვა, 54-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილმა საშუალო დისტანციიდან აუღებელი დარტყმა შეასრულა და 2:0. დარჩენილ დროში სათამაშო ინიციატივა ბათუმელებმა მოიპოვეს, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ შეძლეს. 84-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი შეასრულა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

23 ნოემბერს ტრაგიკულად გარდაცვლილი, ს.კ. ზესტაფონის დამაარსებლისა და პრეზიდენტის, ილია კოკაიას ხსოვნის პატივსაცემად დღეს გამართული ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს "სამგურალისა" და თბილისის "საბურთალოს" დაპირისპირება 8 დეკემბერს გაიმართება. 

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ​ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.