სიახლეები

ქალთა ლიგაზე დასკვნითი ეტაპი დაიწყო

გაუზიარე

დღეს დაიწყო, საქართველოს ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშების ბოლო, დასკვნითი ეტაპი, რომელზეც გუნდები ორ, ზედა და ქვედა ჯგუფებად გადანაწილებულნი, ორი სხვადასხვა მიზნისთვის აგრძელებენ ასპარეზობას. ზედა ჯგუფში, ოთხი კლუბი - „ლანჩხუთი“, „კვარტალი“, „ნიკე“ და ხობის „კოლხეთი“ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან, ქვედა ჯგუფში კი, „ნორჩი დინამო“, „გორი იუნაიტედი“, „მართვე“ და „ბათუმი“ ლიგაში დასარჩენი ადგილისთვის.

ორივე ჯგუფში, გუნდები, ორ წრედ, სახლი-გასვლის პრინციპით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და საერთო ჯამში, 6 შეხვედრას გამართავენ. დღეს, დასკვნითი ეტაპის პირველი საასპარეზო დღე იყო.

ზედა ჯგუფი

ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ ჯგუფში, ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „ნიკე“ და 2021 წლის სეზონზე, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს მყოფი „ლანჩხუთი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ კი, უკვე 2-0-ს იგებდნენ. გოლები, ორწუთიან შუალედში, თეონა ბაქრაძემ (26’) და ხატია ჭყონიამ (28’, 88’) გაიტანეს. სხვათა შორის, ჭყონია, მიმდინარე სეზონში, მორიგი დუბლიც შეასრულა. ჭყონიას გოლის გარდა, გურულებმა, მეორე ტაიმში კიდევ სამი გაიტანეს - ირინა ხაბურზანიამ (59’), მარიამ კალანდაძემ (77’) და ნათია წოწერიამ (82’). ერთადერთი, პრესტიჟის გოლი, თბილისელთაგან მაიკო ბებიამ (69’) გაიტანა. „ლანჩხუთმა“ კი, 6-1 გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ხუთი ტურით ადრე, სეზონის დასრულებამდე, „ლანჩხუთს“, რეალურად, ერთადერთი კონკურენტიღა ჰყავს, თბილისის „კვარტალის“ სახით, რომელიც სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ, 7 ქულით ჩამორჩება „ლანჩხუთს“. თბილისელებმა დღეს, სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 გაიმარჯვეს. „კვარტალიდან“ ორი გოლი, გამოცდილი ქალი ფეხბურთელის ნინო პასიკაშვილის ანგარიშზე. პასიკაშვილმა ანგარიში პირველ ტაიმში, 35-ე წუთზე გახსნა, დუბლი კი,  63-ე წუთზე, მეორე ტაიმში გაიფორმა. სხვათა შორის, ხობელებმა, პირველ ტაიმში, მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, გოლი 42-ე წუთზე თინათინ ამბალიამ გაიტანა და გუნდებიც შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ხობის „კოლხეთი“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გუნდია, გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეებით. დღეს, მათ რიგებში კიდევ ერთმა დებიუტანტმაც ითამაშა. რაც შეეხება თბილისელებს, „კვარტალი“ აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ისევე, როგორც რეგულარული ჩემპიონატის მანძილზე, დღესაც, მათ შემადგენლობაში, სფფ-ს პროგრამის We Play Strong-ის ფარგლებში, აღმოჩენილმა ოთხმა გოგონამ ითამაშა.

ზედა ჯგუფის გათამაშების ცრხილი და თამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე.

ქვედა ჯგუფი

ამ ჯგუფში, ბოლო ადგილზე გასული გუნდი, 2022 წლის სეზონიდან, ავტომატურად, ქალთა ლიგა 2-ში იასპარეზებს. ჯგუფში ბოლოდან მეორეზე გასული კი, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანთან ერთმატჩიან ფლეი-აუთს ითამაშებს. დღევანდელი მონაცემებით, „საშიშ ზონაში“, „ბათუმი“ და ქვეყნის ორგზის ჩემპიონი, ქუთაისის „მართვე“ არიან. თუმცა, ქუთაისელებმა, დღეს, ოდნავ გამოიკეთეს სატურნირო მდგომარეობა, რამეთუ, უშუალო კონკურენტს, „გორი იუნაიტედს“, გორში, 1-7 მოუგეს. ახლა, „მართვეს“ 7 ქულა აქვს და სულ რაღაც, 5 ქულით ჩამორჩება, ამ ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ „გორი იუნაუტდს“.

ჯგუფის ლიდერმა „ნორჩმა  დინამომ“ კი, დღეს თბილისში, დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა „ბათუმი“, რომელიც ქვედა ჯგუფის აუტსაიდერია და დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან სწორედ ეს გუნდი იასპარეზებს ქალთა ლიგა 2-ში. თბილისელებს, კი, სატურნირიო ცხრილში ქულების რაოდენობა, ჯგუფის მშვიდად ჩამთავრების გარანტიას აძლევს.

ქვედა ჯგუფის გათამაშების ცრხილი და თამაშების კალენდარი ბმულზე